სადაც სიტყვები უბრალოდ "შემოგესწავლება"
სიტყვების შემსწავლელი პერსონალური ციფრული ლაბორატორია. შეადგინე შენი ლექსიკონი, ითამაშე მინი-თამაშები და მიეცი სიტყვებს საშუალება, უბრალოდ "შემოგესწავლოს".
დღეს ყველგან ხელოვნური ინტელექტია — გაწვდის გამზადებულ ტექსტებს, გითარგმნის სტატიებს და გიდგენს ლექსიკონებს. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კომფორტულია. მაგრამ როცა საქმე უცხო ენის ან ახალი სიტყვების სწავლას ეხება, ეს კომფორტი ჩვენი მთავარი მტერი ხდება. როცა ტვინი არ წვალობს, ის არც იმახსოვრებს.
სწორედ ამიტომ შევქმენი Memonatra (მემონატრა) — სიტყვების შემსწავლელი ვებ-პლატფორმა, რომელიც ნაწილობრივ ეწინააღმდეგება თანამედროვე, “გადახუნძლულ” AI ტრენდებს. აქ მთავარი ხარ შენ.

ხელით შრომა, როგორც მეხსიერების მთავარი იარაღი
Memonatra-ში სიტყვებს თავად ამატებ, თავად თარგმნი და თავად ადგენ ლექსიკონს. როცა სიტყვას თავად ეძებ, წერ და მის მნიშვნელობაზე ფიქრობ, ტვინში უკვე იქმნება ნეირონული კავშირი. Memonatra ზუსტად ამ პრინციპზე დგას: შენ ქმნი შენს საკუთარ, პერსონალურ სივრცეს, სადაც შეგიძლია ისწავლო უცხო ენა, დაიმახსოვრო რთული პროფესიული ტერმინები შენსავე ენაზე, ან სულაც მოკლე ფრაზები ჩაინიშნო.
როცა სიზარმაცე მაინც გძლევს (JSON და ცოტაოდენი AI)
მიუხედავად იმისა, რომ სისტემა შენს შრომასა და ჩართულობაზეა აგებული, ხანდახან ყველას გვეზარება. თუ ეს მომენტი დაგიდგა, შეგიძლია უბრალოდ JSON ფორმატი ჩაუგდო AI-ს და ერთი წკაპით გადმოაკოპირო შედეგი. ამ გზით შეგიძლია კონკრეტულ სიტყვაზე მორგებული მთელი მისი „ფილოსოფიური არსი“, კონტექსტი და დეტალური ახსნა წამებში შემოიტანო პლატფორმაზე, ისე, რომ სტრუქტურა არ დაირღვეს.
ხოლო ნამდვილად ზარმაცი მომენტებისთვის AI ახლა პირდაპირ აპლიკაციაშივე ცხოვრობს. ახალი სიტყვის ფანჯარაში, მანათობელ ველში ჩაწერე სიტყვა, სურვილისამებრ დაამატე თხოვნაც („4 წინადადება, B2 დონე, საქმიანი სტილი“) და დააჭირე Generate-ს: თარგმანები, თეგები, მაგალითები და ახსნა ბარათში თავისით ჩაიწერება. არსებული სიტყვის რედაქტირებისას იგივე ველი Improve-ად იქცევა: სთხოვე კიდევ ორი წინადადება ან უფრო მარტივი ახსნა, ან ცარიელი დატოვე და მხოლოდ იმას შეავსებს, რაც აკლია. ოღონდ ზედმეტ იმედებს ნუ დაამყარებ: AI აქ სტუმარია და არა მასპინძელი. მას მკაცრად შეზღუდული დღიური “ულუფა” აქვს — საკმარისი, რომ დაღლილი საღამო გადაგირჩინოს, მაგრამ არასდროს იმდენი, რომ შენ მაგივრად ისწავლოს. ნამდვილი საქმე ისევ შენზეა.
8 თამაში და მაგიური 96%
სწავლა არ უნდა იყოს მოსაწყენი. პლატფორმაში ჩაშენებულია 8 სხვადასხვა ტიპის მინი-თამაში. თითოეული მანიპულაცია და თამაში კონკრეტულ სიტყვას უზრდის “ცოდნის პროცენტულობას”. როცა სისტემაში სიტყვა აღწევს 96%-ს, ეს ნიშნავს, რომ ის უკვე შენს გრძელვადიან მეხსიერებაშია გადასული და შენთვის ყველაზე ნაცნობი სიტყვაა.
God Mode
რადგან პლატფორმა მაქსიმალურად თავისუფალია, მასში ჩაშენებულია ე.წ. God Mode. ეს ნიშნავს, რომ თქვენ თავად ადგენთ, რომელმა მანიპულაციამ თუ თამაშმა რამდენი პროცენტი უნდა მოუმატოს სიტყვის პროგრესს. სისტემას არანაირი ლიმიტი არ აქვს — შეგიძლიათ ისე დააკონფიგურიროთ, რომ სიტყვის უბრალოდ გახსნამ ეგრევე 80% დაგიწეროთ. მაგრამ აქ ფრთხილად უნდა იყოთ: God Mode შეიძლება ძალიან მარტივად გადაიქცეს Stupid Mode-ად. თუ “იჩეთერებთ” და პროცენტებს ხელოვნურად გაზრდით, რეალურად მხოლოდ საკუთარ თავს მოიტყუებთ და პლატფორმას ამით არაფერი დააკლდება. არჩევანი თქვენზეა — იყოთ God, თუ აირჩიოთ Stupid გზა.
ფენომენი — „უი, შემომესწავლა!“ და პრემიუმ ხმები
ქართულ ენას აქვს ერთი გენიალური სიტყვა — „შემომესწავლა“, რაც ნიშნავს რაღაცის ისე დამახსოვრებას, რომ ამისთვის სპეციალურად არ გიწვალია. Memonatra-ს ყველაზე დიდი სიამაყე მისი ჩაშენებული აუდიო პლეერია. ზიხარ ავტობუსში ან მანქანაში, რთავ პლეერს და ის თანმიმდევრობით გიკითხავს შენსავე ლექსიკონს. აქ ტექნიკური მოქნილობაც უმაღლეს დონეზეა: აუდიო წამკითხველებისთვის შეგიძლია აირჩიო Microsoft Azure-ის ნატურალური ხმების მრავალფეროვანი ბაზა, გამოიყენო Piper-ის ლოკალური წამკითხველი, ან უბრალოდ ბრაუზერის ნაგულისხმევი TTS ჩართო. შენ უბრალოდ უსმენ, გზას უყურებ, ეს მოსმენა სისტემაში პროგრესს გიმატებს და მოულოდნელად ხვდები, რომ სიტყვები უბრალოდ შემოგესწავლა.
შეტყობინებები მათთვის, ვისაც მაინც მუსიკა ურჩევნია
თუ გზაში მუსიკის მოსმენა შენთვის წმინდა რიტუალია, აპლიკაციას აქვს შეტყობინებების (Notifications) რეჟიმი. შენ ფილტრავ და ირჩევ კონკრეტულ სიტყვებს, სისტემა კი მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე შეტყობინებად გიგდებს მათ. ეს ინტერვალური გამეორება (Spaced Repetition) ტვინს აიძულებს მომენტალურად გაიხსენოს მნიშვნელობა.
სტატისტიკის მოდული
იმისთვის, რომ ზუსტად იცოდე სად ხარ და სად მიდიხარ, აპლიკაციას აქვს დეტალური სტატისტიკის მოდული, რომელიც გიჩვენებს პრაქტიკულად ყველაფერს. აქ დეტალურად ნახავ რამდენი სიტყვა ისწავლე, რომელი თამაშები გეხმარება ყველაზე მეტად და რამდენი სიტყვა ელოდება სანუკვარ 96%-იან ნიშნულს.
ერთი ანგარიში, მთელი ეკოსისტემა
Memonatra აღარ არის მარტო. ის ჩემი პროექტების პატარა ეკოსისტემის ნაწილია, სადაც ერთი ანგარიში ყველაფერს ხსნის: ერთხელ შედიხარ Google-ით ან ელფოსტით და იგივე პროფილი გიხსნის ReadRoad-ს, ჩემს ინტერაქტიულ წიგნებს და Memonatra-ს. შენი ლექსიკონები ღრუბელში ინახება და ლეპტოპიდან ტელეფონამდე თან დაგყვება, ტელეფონზე კი Memonatra ბრაუზერიდანვე ნამდვილი აპლიკაციასავით დგება. თავად სტუდიამაც ახალი, თანამედროვე იერი მიიღო — უფრო სუფთა ეკრანები, ყოველთვის ხელთ არსებული პროფილი და რბილი მოძრაობა ყველგან — ასე რომ, ლაბორატორია ახლა ისეთივე ცოცხალია, როგორც მასში დაბინავებული სიტყვები.
შემოიხედე ლაბორატორიაში
Memonatra არ არის უბრალოდ ლექსიკონი. ეს არის შენი პერსონალური ციფრული ლაბორატორია, სადაც შენ თავად აკონტროლებ რას, როდის და როგორ სწავლობ. თუ გინდა, რომ შენც გამოსცადო სიტყვების „შემოსწავლის“ ეფექტი, შემოიხედე ჩემს ლაბორატორიაში და გამოსცადე პლატფორმა პირდაპირ პროექტების გვერდიდან.