ვიცი, რომ სამყარო ისედაც სავსეა პრობლემებით, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, მგონი, რაღაც ქარხნული წუნია. ჩემი ემოციური ანტენები იმდენად მძლავრია, რომ იჭერს ყველაფერს - დაწყებული გლობალური დათბობით, რომელიც ჩემს დილის ჩაის 0.001 გრადუსით ათბობს, დასრულებული ჩემს ოთახში მარტოსულად მოფარფატე ბუზით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ეგზისტენციალური კრიზისი აქვს და ფიქრობს, რატომ დაიბადა ბუზად და არა, მაგალითად, მარტორქად.
სერიოზულად. მე არ შემიძლია, უბრალოდ ვუყურო სიახლეებს. მე იმ სიახლეებში ვცხოვრობ. როცა ამბობენ, რომ ამაზონის ტყეები იწვის, მე ფილტვებში ვგრძნობ კვამლის სუნს. როცა პოლიტიკოსი მორიგ სისულელეს დაახეთქებს, მე ფიზიკურად მტკივა ტვინი მისი უსუსურობის გამო. ვზივარ და განვიცდი პლანეტის ყველა ტკივილს, შიმშილს, უსამართლობას. თითქოს ჩემი ნერვული სისტემა პირდაპირ CNN-ის სერვერზეა მიერთებული.
ეს გლობალური მასშტაბები ჰო, კაი... ყოველდღიურობა ხომ საერთოდ ცალკე ფსიქოდელიური თრიპია. ქუჩაში რომ მივდივარ, მე უბრალოდ გამვლელებს კიარ ვხედავ. მე ვხედავ ისტორიებს, კვალს. აი, ის წყვილი, სკამზე რომ სხედან... ქალი და კაცი, ასე, ალბათ 50 წელს გადაცილებულნი. ერთმანეთს არ უყურებენ, უბრალოდ წინ იყურებიან, მაგრამ მათ შორის რაღაც უხილავი, თითქმის მტკივნეული ძაფია გაბმული. ალბათ, ოცი წელი სხვადასხვა ცხოვრებით იცხოვრეს - სხვა ოჯახებში, სხვა ქალაქებში, სხვა იმედგაცრუებებში. იქნებ, სტუდენტობისას უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ვერ გაბედეს, ან ცხოვრებამ დააშორა. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ისევ იპოვეს ერთმანეთი. და მათ სიჩუმეში ისმის არა მხოლოდ დღევანდელი ბედნიერება, არამედ მთელი იმ დაკარგული წლების სევდა. გაცდენილი დილის ყავები, ერთად არნანახი ფილმები, შვილებისთვის ერთად არმოყოლილი ზღაპრები... მე არ შემიძლია, უბრალოდ ჩავუარო. მე მათი ისტორიის სიმძიმეს ვგრძნობ. ეს არ არის უბრალო სევდა, ეს დროის სიმძიმეა, იმის გაცნობიერება, რომ ზოგიერთი რამ აღარასდროს დაბრუნდება. და სახლში ვბრუნდები დაკარგული დროის შეგრძნებით დამძიმებული, თითქოს მთელი კაცობრიობის გამოტოვებული შანსები სულზე მაწევს.
და მერე არის ის ბუზი. ის უბრალოდ მწერი კიარ არის. ის არის სიმბოლო. სიმბოლო მარტოობის, უმიზნობის, ამაოების. ის დაფრინავს ჩემს ოთახში, ეძებს გამოსავალს, ეხლება მინას, იხლართება ფარდებში, ისევ ცდილობს... და მე მასში საკუთარ თავს ვხედავ. ვფიქრობ, ხომ არ მოვკლა და გავათავისუფლო ამ ტანჯვისგან? თუ ფანჯარა გავუღო და მივცე შანსი, რომ გარეთ, დიდ სამყაროში, იპოვოს თავისი ბუზური ბედნიერება? მაგრამ გარეთ ხომ უფრო მეტი საფრთხეა? ჩიტები, მანქანები, სხვა, უფრო აგრესიული ბუზები... ვზივარ და 10 წუთის განმავლობაში ვწერ სცენარს ერთი პატარა ბუზის ცხოვრებაზე. ბოლოს, მისი ცხედარი ფანჯრის რაფაზე ვიპოვე. ალბათ მოწყენილობისგან მოკვდა.
ეს სენსიტიურობა ჩემი სუპერძალაცაა და ჩემი საზრისიც. ის მაძლევს საშუალებას, დავინახო სილამაზე იქ, სადაც სხვები ვერ ამჩნევენ. ვიგრძნო მუსიკა ძვლებამდე. შევიყვარო ისე, თითქოს სამყარო ამ სიყვარულის გარშემო ბრუნავს. მაგრამ ამავდროულად, ის მშთანთქავს. ის მაიძულებს, განვიცადო ყველა ტკივილი, ყველა უსამართლობა, ყველა დაკარგული იმედი.
ალბათ ეს არის ხელოვანის "წყევლა". იყო ღია ჭრილობასავით, რომელშიც სამყაროს ყველა დარდი და სიხარული ერთდროულად აღწევს. არ ვიცი, არ ვიცი. ხანდახან მეცინება ისეთ სისულელეებზე ვფიქრობ ხოლმე. ფილტრის ფუნქცია მაქვს სრულიად მოშლილი. ან საერთოდაც, შეიძლება არც არასდროს ყოფილა ფილტრი ჩემს საწყისებში.
მოკლედ... ფსიქოლოგი მჭირდება. ოღონდ ორი ცალი. ყოველი სეანსის შემდეგ, ერთმანეთი რომ ანუგეშონ...




