მოდი რა, გულწრფელი ვიქნები... ერთი პატარა თხოვნა მაქვს: მხედავთ? ჩემს პოსტებს ხედავთ? გთხოვთ, "დაალაიქეთ", რომ დავრწმუნდე, ჩემი პოსტი თქვენს სიახლეების ზოლში მოხვდა თუ არა. რაღაცნაირად, ვფიქრობ რომ ჩემი ეს მცდელობები, რომ პირადი ფიქრები საჯაროდ ვწერო და ამ ჩანაწერებს მკითხველი ჰყავდეს, ყოველთვის იმედგაცრუებით სრულდება. არ ვიცი, ალგორითმმა დამწყევლა და ყველა ჩემი სოციალური ქსელი მარტოსულ მოჩვენებად იქცა, თუ მარტივად - ჩემშია პრობლემა. არადა, მოდი ვაღიაროთ, ვის არ ესიამოვნებოდა პოსტებზე კარგი გამოხმაურება? რიცხვები, კომენტარები, გაზიარებები.
დღეს დილით ერთი, ძალიან მკაფიო და სახიფათო მისიით გავიღვიძე. გადავწყვიტე, დავწერო "ის" პოსტი. ისეთი, როგორიც აქამდე არ დაწერილა. მინდა დავწერო რაღაც გენიალური. რაღაც, რაც ხვალ დილით ყველა "ნიუსფიდს" მოედება. მინდა პოსტი, რომელიც ადამიანებს გააგიჟებს, გამოიწვევს გაზიარებებს, გაოცებას და იმ მითქმა-მოთქმას, რომელიც ჩემს მონიტორამდეც მოაღწევს. მინდა, ხალხმა წაიკითხოს და თქვას: "აი, ეს კაცი გენიოსია. მან რაღაც ისეთი დაინახა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავდით".
ეს არის სურვილი, იყო აღიარებული. ეს არის არტისტის მარადიული წყევლა: შექმნა რაღაც და მოკვდე იმის მოლოდინში, რომ ვიღაც მაინც მიხვდება, რა იგულისხმე.
და აი, დავჯექი. გავხსენი ცარიელი დოკუმენტი. კურსორი ციმციმებს. ტვინი მუშაობს. და იცი, რა მოხდა? სიჩუმე. აბსოლუტური სიცარიელე.
რაც უფრო მეტად ვცდილობ, ვიყო "გენიალური", მით უფრო ვხდები ყალბი. რაც უფრო მეტად ვფიქრობ "გაზიარებებზე", მით უფრო უსარგებლო ხდება ჩემი სათქმელი. ეს არის ჩემი შინაგანი კრიტიკოსის, ჩემი "პროკის" ყველაზე დიდი იარაღი. ის მაიძულებს, ვიფიქრო შედეგზე და არა პროცესზე. და როგორც კი შედეგზე ვიწყებ ფიქრს, მე ვკვდები. მე ვხდები ისევ ის ზურა "დაპაუზებული კადრიდან", რომელსაც იმდენად ეშინია წარუმატებლობის, რომ საერთოდ არაფერს აკეთებს.
ეს არის "ძილისპირულის" ენერგია - შიში, სევდა და ანალიზი – რომელიც ცდილობს, ჩემი "დილისპირულის" ენერგია მოიპაროს.
და უცებ მივხვდი. ერთადერთი "გენიალური" პოსტი, რომლის დაწერაც დღეს შემიძლია, არის პოსტი იმაზე, თუ რატომ ვერ ვწერ გენიალურ პოსტს. ერთადერთი რევოლუციური ქმედება არის არა აღიარების მოპოვება, არამედ აღიარების წყურვილის დამარცხება. "დილისპირული" ხომ მოქმედებაა. და დღევანდელი მოქმედება არის ეს: ვაღიარო ეს სისუსტე, ეს ბავშვური სურვილი, რომ ყველას ვუყვარდე, და პირდაპირ სახეში შევაფურთხო მას.
მე არ მჭირდება, რომ ხვალ ყველა ჩემზე ლაპარაკობდეს. მე მჭირდება, რომ დღეს მე თვითონ ვიყო ნამდვილი.
და იცი, რა არის ყველაზე სასაცილო? ზუსტად იმ წამს, როცა ამას ვწერ, ზუსტად იმ წამს, როცა საბოლოოდ ვეშვები "გენიალურობის" იდეას და ვწერ იმას, რასაც მართლა ვგრძნობ... კურსორი ისევ იწყებს მოძრაობას. იდეები ბრუნდება. სიცოცხლე ბრუნდება.
ჰოდა... იქნებ, "გენიალურობა" სწორედ ეს არის: იყო იმდენად მამაცი, რომ ასე საჯაროდ აღიარო შენი არასრულყოფილება. აი, ეს არის ჩემი დღევანდელი პოსტი. და სულაც არ არის გენიალური. მას ალბათ არავინ გააზიარებს.
მაგრამ იცი რა? ის დაწერილია! და ეს ერთადერთია, რასაც დღეს მნიშვნელობა აქვს.
პ.ს თუ ამ აბზაცამდე მოხვედი, ის "ლაიქების" თხოვნა რიტორიკული იყო. მე მყავს მკითხველი, და ის შენ ხარ! მადლობა შენი ცხოვრების ორი წუთისთვის!




