
წლების წინ, მე მივეცი პირობა საკუთარ თავს და საზოგადოებას, რომ ქართული უნიკალური ჟღერადობა ციფრულ ეპოქაში ახალ სიცოცხლეს შეიძენდა. შემდეგ იყო პაუზა. ხანგრძლივი, მძიმე, მაგრამ აუცილებელი სიჩუმე.
დღეს ეს სიჩუმე სრულდება.
ბევრი თქვენგანი მიცნობს როგორც არტისტს, დიზაინერს ან უბრალოდ ადამიანს, რომელიც მუდმივად ძიების პროცესშია. მაგრამ ის, რაზეც დღეს მინდა გესაუბროთ, სცდება ჩემი პირადი ამბიციების ფარგლებს. ეს ეხება კოსტავა კრეატივი კომპანიას, რომელიც მე და ჩემმა ძმამ, ჯონი კოსტავამ დავაფუძნეთ ერთი კონკრეტული მიზნით: შევქმნათ მსოფლიო სტანდარტის აუდიო-ვიზუალური ეკოსისტემა საქართველოდან.
რატომ კოსტავა კრეატივი?
სიმართლე გითხრათ, ბრენდინგის სახელმძღვანელოებში აღწერილი ხანგრძლივი „ბრეინშტორმინგები“ არ მოგვიწყვია. მე და ჯონის რაღაც უცნაური, ძმური ტელეპათია გვაკავშირებს — ხშირად გადაწყვეტილებებს უსიტყვოდ, ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე ვიღებთ. არ ყოფილა კამათი, არც ალტერნატიული ვარიანტები, მხოლოდ მდუმარე თანხმობა. სახელიც ზუსტად ასე გაჩნდა — მყისიერად და უპირობოდ. ეს უფრო გარდაუვალობას ჰგავდა, ვიდრე უბრალოდ არჩევანს.

რატომ კოსტავა? ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია — ეს ჩვენი გვარია. მაგრამ ჩვენთვის ეს სახელი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ოჯახურ ხელმოწერას.
ჩვენ, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, ერთ ჩუმ ჭეშმარიტებას ვიზიარებთ: ამ გვარს ატარებს მერაბ კოსტავა ადამიანს, რომელმაც არა მხოლოდ ეპოქა შექმნა, არამედ საკუთარი ცხოვრება აქცია ხელოვნებად. ის იყო მუსიკოსი, პოეტი და ეროვნული გმირი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ისტორიაში.

ამიტომ, „კოსტავა კრეატივი“ არ არის მხოლოდ ბიზნესი. ეს არის პასუხისმგებლობა, ვატარებდეთ ამ სახელს ღირსეულად. ჩვენი მიზანია, ეს ბრენდი იქცეს ხარისხის და უკომპრომისობის სიმბოლოდ — მერაბ კოსტავას ხსოვნის საპატივცემულოდ.
რატომ ვიწყებთ ქართული ხმებით?
წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი პარადოქსს: გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუსიკალური ფოლკლორი, უნიკალური ინსტრუმენტები და პოლიფონია, მაგრამ გლობალურ მუსიკალურ ინდუსტრიაში ჩვენი ხმა თითქმის არ ისმის.
რატომ არ უნდა ჰქონდეს ჰოლივუდს, ევროპულ და გლობალურ ინდუსტრიას ან ტოპ-ჩარტების პროდიუსერებს წვდომა ამ უნიკალურ ხარისხიან ინსტრუმენტებთან, როგორიც არის ფანდური, ჩონგური, ან დოლი?რატომ უნდა იყოს ჩვენი კულტურა მხოლოდ მუზეუმის ექსპონატი და არა ცოცხალი ინსტრუმენტი თანამედროვე შემოქმედის ხელში?
სწორედ აქ შემოდის კოსტავა კრეატივი.
ჩვენ არ ვართ მხოლოდ „სემპლების მწარმოებლები“. ჩვენ ვართ ტექნოლოგიური კომპანია. ჩემი ძმის, ჯონის — ამ პროექტის მთავარი ტვინისა და ინჟინრის — უმაღლესი დონის კომპეტენცია კოდსა და სისტემურ არქიტექტურაში, შერწყმული ჩემს აუდიო-ვიზუალურ ხედვასთან, გვაძლევს საშუალებას შევქმნათ პროდუქტი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება Native Instruments, Arturia, ან Spitfire Audio-სის არის ძრავი, რომელიც ამ იდეებს ამუშავებს, ჩვენ კი ვქმნით გარემოს, სადაც ეს იდეები ჟღერს.
რას ვაკეთებთ ახლა?
ჩვენი პირველი ფლაგმანი პროდუქტი — Panduri v1.0 — უკვე დასრულების ფაზაშია. დავივიწყოთ სტერეოტიპები. ეს არ არის "სუვენირი ტურისტებისთვის". ეს არის პროფესიონალური ინსტრუმენტი (VST3, AU, Standalone):

- Deep Sampling: ჩაწერილია სპეციალურად მოწყობილ იდეალურ აკუსტიკურ გარემოში, ლეგენდარული მიკროფონებით.
- Humanize Engine: სპეციალური სკრიპტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ დაკვრის მანერა იყოს ცოცხალი და არა რობოტული.
- Creative FX: ჩაშენებული კრეატიული ეფექტები, რომლებიც ტრადიციულ ჟღერადობას ახალ სიცოცხლეს შთაბერავს და ფოლკლორულ ხმას კინემატოგრაფიულ ტექსტურებად აქცევს.
- Modern UI/UX: ინტერფეისი, რომელიც თავად გიბიძგებს შექმნისკენ.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ეკოსისტემა და არა მხოლოდ პროდუქტი
ჩვენ მალე ჩავუშვებთ ვებგვერდს. ეს არ იქნება მხოლოდ ადგილი, სადაც შეხვალთ და პლაგინს იყიდით. ეს იქნება კრეატიული ჰაბი:
- მარკეტი: უმაღლესი ხარისხის ვირტუალური ინსტრუმენტები, პრესეტები და სემპლ-ბიბლიოთეკები.
- განათლება: ბლოგები, ტუტორიალები და "შიდა სამზარეულოს" გაზიარება — როგორ იქმნება ციფრული ხმა.
- ლეიბლი: სივრცე უნიკალური და განსხვავებული არტისტებისთვის. ჩვენ არ გამოვცემთ შაბლონურ მუსიკას; ეს იქნება ლეიბლი ექსპერიმენტული, ეთნიკური და კინემატოგრაფიული ნამუშევრებისთვის, მათ შორის ჩვენივე ინსტრუმენტებით შექმნილი პროექტებისთვის.
- ქომიუნითი: სივრცე არტისტებისთვის, დეველოპერებისთვის და მუსიკის მოყვარულებისთვის.

მომავლის ხედვა
ჩემი ოცნება, რომელიც Entrepreneur-ის ის ინტერვიუში ვახსენე, უცვლელია: მე მინდა გავიგო ქართული ინსტრუმენტის ხმა ჰანს ციმერის საუნდტრეკში. არა როგორც ეგზოტიკური დანამატი, არამედ როგორც მთავარი მოქმედი გმირი.
ჩვენ ვაპირებთ ვიპოვოთ ისეთი საკრავებიც კი, რომელთა არსებობა ბევრს დავიწყებული აქვს. ეს იქნება დიდი აუდიო-ექსპედიცია წარსულში, მომავლის ტექნოლოგიებით.
მადლობა ყველას, ვინც მელოდით. ვინც მხარს მიჭერდით.
პირველი ნაბიჯი გადაიდგა. კოსტავა კრეატივი იწყებს მოქმედებას.
შემოგვიერთდით ამ გზაზე:
🌐 Web: https://kostavacreative.com


